English / ქართული / русский /
მეგი იაკობაშვილი
საქართველოს მრეწველობის განვითარების შესაძლებლობები

ანოტაცია. საქართველოს ეკონომიკა დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში რთულად ვითარდება, რის გამოც იგი განვითარებად სახელმწიფოთა რიგშია. მიჩნეულია, რომ ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობის ერთ სულზე ქმნიან მშპ-ს ათი ათას აშშ დოლარზე ნაკლებს, ღარიბ სახელმწიფოებს მიეკუთვნებიან. ჩვენთან კი ეს მაჩვენებელი აღნიშნულის ნახევარიც კი არ არის. აქედან გამომდინარე დღის წესრიგში დგას ეკონომიკის დაჩქარებული განვითარება, რაც თავის მხრივ მრეწველობის აღდგენის და განვითარების გარეშე წარმოუდგენელიცაა. წინამდებარე სტატიაში განიხილება მრეწველობის დაჩქარებული განვითარების შესაზლებლობები და მისი მიღწევის გზები.

მრეწველობის სწრაფად განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია: საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, საგადასახადო ტვირთის შემცირება, სტაბილური სავალუტო კურსი და ლიბერალური საკრედიტო პოლიტიკა, სამეურნეო კანონმდებლობის და მისი ოპერატიული აღსრულების უზრუნველყოფა.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკა, მენეჯმენტი, მრეწველობა, ეფექტიანობა 

შესავალი

მრეწვლობა ეკონომიკის ძირითადი შემადგენელი დარგია. მართალია ბოლო ათწლეულების სტატისტიკით მომსახურების ზრდის ტემპი უფრო მაღალია მსოფლიოში, ვიდრე მრეწველობის, მაგრამ აღნიშნული ვერ აკნინებს ვერც მრეწველობას და ვერც მის მიერ შექმნილ პროდუქციას. მომსახურების მოცულობაც და ზრდაც დიდწილად სწორედ მრეწველობით განისაზღვრება. ვერ იქნებოდა ავტომობილების სარემონტო მომსახურება, რომ არარსებობდეს საავტომობილო წარმოება. იგივე ითქმის კომპიუტერების შესახებაც. უფრო მეტიც ინტერნეტის მომსახურება ვერ იარსებებსა კომპიუტერების გარეშე, ვერ იქნერბოდა ელექტრონულ მომსახურებასთან დაკავშირებული უამრავი სექტორიც. აქედან გამომდინარე მრეწველობის და მისი შემადგენელი დარგების განვითარებას საჭიროა მიექცეს განსაკუთრებული მნიშვნელობა.

საქართველო, საბჭოეთის შემადგენელი რესპუბლიკებიდან, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინდუსტრიული შემადგენელი იყო. გასული საუკუნის 90-იანი წლების დადგომამდე, ანუ იმ პერიოდამდე სანამ დაშლას დაიწყებდა საბჭოეთი, ჩვენთან მრეწველობის დარგში მთელი შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 35-38 პროცენტი იყო დასაქმებული და აწარმოებდა მაშინდელი საერთო პროდუქციის 60-65 პროცენტს.

წარსულს ჩაბარდა რკინის და ფოლადის გამოდნობა, თვითმფრინავების, ავტომობილების, მინიტრაქტორების, სამგზავრო სამდინარო ხომალდების და სხვ. მშენებლობა მშენებლობა, ჩარხების და ელმავლების შექმნა, მასიურად ქსოვილების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის კერვა და სხვ.

დღეისათვის მსოფლიოში არ მოიძებნება ტერიტორიით და მოსახლეობით საქართველოსთან შესადარი განვითარებული სახელმწიფო (ჰოლანდია, ისრაელი, ჰონ-კონგი და სხვ), სადაც მრეწველობა მაღალგანვითარებული არ იყოს, ამდენად საქართველოსთვის მრეწველობა პრიორიტეტი უნდა გახდეს. 

***

1987 წლის სტატისტიკური წელიწდეულის მიხედვით საქართველოს რესპუბლიკაში წარმოებული საერთო საზოგადოებრივი პროდუქტის მოცულობამ 22643,1 მილიონი, ხოლო სამრეწველო პროდუქციამ 13722,5 მილიონი მანეთი შეადგინა (60,6 %)[1], რაც დღევანდელი  კურსით შესაბამისად 220 და 137 მლრდ $-ის ექვივალენტია. 2018 წელს კი საქართველოში შექმნილმა მშპ-მ შეადგინა 44 599.3 მლნ. ლარი, ხოლო მრეწველობაში შექმნილმა დამატებითმა ღირებულებამ - 3147,9 მლნ. ლარი[2], რაც აშშ დოლარებში შესაბამისად  15928,3 და  1124,2 $-ია. არნიშნული ციფრები მიუთითებს, რომ 1987 წლიდან 2018 წლამდე სამრეწველო პროდუქციის მოცულობა შემცირებულია თითქმის 120-ჯერ.

ასეთი უარყოფითი მაჩვენებლების ფონზე, ბუნებრივია, უნდა გამოიყოს ის ძირითადი ფაქტორები, რამაც მრეწველობის, როგორც დარგის   დაცემა გამოიწვია.

ამ უარყოფითი გლობალური ფაქტორებიდან ერთ-ერთი უპირველესია ტრადიციულად ჩამოყალიბებული სამეურნეო კავშირებისა და გასაღების ბაზრების მოშლა, რამდენადაც საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობა საბჭოური მრეწველობის ერთ-ერთი შემადგენელი იყო მჭიდრო და თანაც ცენტრალიზებული მომარაგება-გასაღების სისტემით, რაც სსრკ-სთან ერთად მოიშალა.

მაკროეკონომიკური ფაქტორები კი, რომლებმაც მრეწველობის დაცემა განაპირობა, შეიძლება დაჯგუფდეს ფულად-საკრედიტო. საბაზრო-ინფრასტრუქტურულ და საგადასახადო ხასიათის შემადგენლებად.

მაკროეკონომიკური პრობლემის ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლენა, რაზეც დამოკიდებულია მრეწველობის ეფექტიანობა, განისაზღვრება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით და მის ბაზაზე არსებული საგადასახადო გარემოთი.

საგადასახადო გარემოს განმსაზღვრელია საგადასახადო კოდექსი. საზოგადოდ საგასახადო სისტემა კლასიფიცირდება სხვადასხვა ნიშნით. უმეტესად განასხვავებენ: პროპორციულ და არაპროპორციულ, რეგრესიულ და სხვა საგაგადასახადო სისტემებს. საქართველოს საგადასახადო სისტემა შეიძლება დავახასიათოთ, როგორც  არაპროპორციული, არადიფერცირებული, მკაცრი სისტემა. იგი არ ითვალისწინებს გადასახადთა ტარიფების დიფერენცერებას ცალკეული დარგებისა და ეკონომიკის სექტორის მიხედვით.

საშემოსავლო გადასახადი აშშ-სა და ევროკავშირში დიფერენცირებულია. აშშ-ში იგი იცვლება 0%-დან 39,6% -მდე, ამასთან დაუბეგრავ მინიმუმად ითვლება 39000 $-ის შემოსავალი. გერმანიაში იგი იცვლება 0%-დან 15%-მდე. ჩვენთან კი ასეთი დიფერენცირება არ არსებობს.

ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო განაკვეთები საშემოსავლო - 20%, მოგების - 15%, დღგ - 18% და სხვადსხვა აქციზზე მაღალია და ზოგიერთ შემთხვევაში ფირმის და მასში დასაქმებულების ნახევარზე მეტს შთანთქავს.[3] ამასთან საგადასახადო სისტემა არადიფერენცირებული და პროპორციულია, რაც ხელს არ უწყობს პრიორიტეტულად მიჩნეული დარგების განვითარებას.

საქართველოს საბაზრო ინფრასტრუქტურიდან ჩვენთან ყველაზე მეტად მოწესრიგებულია სავალუტო ბაზარი. ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურად ფუნქციონერებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილური გაცვლის კურსების შენარჩუნება სხვა წამყვან ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში, ასევე ვალუტის ინფლაციის ტემპების ისე შენარჩუნება, რომ იგი არ გამოვიდეს საყოველთაოდ იაღიარებული ინფლაციის ტემპების გარეთ.

საქართველოს მოქმედი ეროვნული ვალუტა „ლარი“  მიმოქცევაში შემოვიდა 1995 წლის ოქტომბრიდან. მანამდე მიმოქცევაში იყო ე.წ. გარდამავალი ფულის ერთეული „კუპონი“.

საქართველოს ეროვნული ვალუტის  „ლარის“ კურსის გაიაფება ან გამყარება  დროის მცირე მონაკვეთში უარყოფითად მოქმედებს მისადმი ნდობის ფაქტორის ამაღლებაზე და შესაბამისად საწარმოო აქტივობაზე, მათ შორის სამრეწველო საწარმოების კომერციული გეგმების წარმატებით გატარებაზე.

უკანასკნელ პერიოდშიდაც კი ლარის გაუფასურება საგრძნობია. რასაც ლარის გაზრდილი ემისია განაპირობებს. მაგალითად დღეისათვის - 2020 წ-ის 25 სექტემბრისთვის  ემისია გაცემული რეფინანსირების, სადეპიზოტო სერტიფიკატების და სახელმწიფო ობლიგაციების გზით 2,5 მ,ლრდ ლარს აღემატება.[4] 

ეროვნული ვალუტის კურსი ძირითადად დამოკიდებულია იმ ემიგრანტთა გადმორიცხვებზე, რომლებიც ოჯახების და ახლობლების დასახმარებლად რიცხავენ თანხებს. აღნიშნულს ქვემოთ მოყვანილი სქემაც ადასტურებს.

საბაზრო ინფრასტრუქტურის  სეგმენტი - საფინანსო ბაზარი, ანუ ფასიანი ქაღალდების ბირჟა საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს და მისი ამოქმედება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მრავალ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორზე. 

 

დიაგრამა 1. ვალუტის ექსპორტ-იმპორტი საქართველოში.[5] 

ფასიანი ქაღალდების განვითარების ხელშემშლელი უპირველესი მიზეზია ჩვენთან შექმნილი სააქციო საზოგადოებების აქციათა ღირებულების არარეალობაში ძევს. მიუხედავად ამისა ,საქართველოში არსებობს საკმაო რაოდენობის სააქციო საზოგადოებები, რომელთა აქციებიდან რეალურ შემოსავალ იღებენ ის მესაკუთრენი, რომელნიც აქციების საკონტროლო პაკეტს ფლობენ.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის ორგანიზებული სტრუქტურა არსებობს. მისი სრულად ამოქმედებისთვის აუცილებელია საწარმოებში სააღრიცხვო საქმის მოწესრიგება ობიექტთა აქციების ბირჟის მეშვეობით რეალიზაცია და ბირჟაზე გამოტანილი აქციების  ოდენობის გაზრდა ვაჭრობაში მონაწილე სააქციო საზოგადოებების რაოდენობის ზრდით.

დღეისათვის საქართველოს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა იმდენად მინიმალური, რომ იგი ვერ ახდენს გავლენას ეკონომიკურ პროცესებზე. საილუსტრაციოდ ცხრილი 1-ის მონაცემებიც გამოდგება.

ცხრილი 1

საფონდო ვაჭრობის მონაცემები[6]

 

საბაზრო ინფრასტრუქტურის სრულყოფისთვის ფართო გასაქანი უნდა მიეცეს სასაქონლო ბირჟების ქსელს.

სავალუტო და საფინანსო ბირჟების ფორმირებას წინ უნდა უსწრებდეს სასაქონლო ბირჟების შექმნა.

დღეისთვის საქართველოში რეგისტრირებულია რამოდენიმე სასაქონლო ბირჟა, მაგრამ არ ფუნქციონირებს. ამის მიზეზია შესაბამისი საბირჟო კანონმდებლობის უქონლობა და მრეწველობის სტაგნაცია . სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული ზომები სასაქონლო ბირჟების ორგანიზაციის უზრუნველსაყოფად, რომელიც აუცილებელია სამრეწველო საწარმოების  მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა და პროდუქციის გასაღების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ამ მიმართულებით საჭიროა გამოვიყენოთ საქაართველოს სატრანსპორტო-სტრანზიტო პოტენციალი. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის სასაქონლო ბირჟებისა და ლოგისტიკური ცენტრების განვითრებისათვის.

საბაზრო ინფრასტრუქტურის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს შრომითი    ბირჟები. შრომითი ბირჟები საშუალოდ განვითრებულ ქვეყნებშიც კი  ფართოდაა განვითარებული. მათი ამოცანაა კადრების ეფექტური დასაქმება. რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკური კრიზის დაძლევისას. ამავდროულად შრომითი ბირჟების მონაცემები  ზუსტად უნდა ასახავდეს ნებისმიერი კატეგორიის უმუშევართა ოდენობას.

საქართველოში სახელმწიფო არბიტრაჟის სისტემა არ არსებობს. კერძო საარბიტრაჟო სასამართლოები კი ვერ სარგებლობენ ავტორიტეტით. ამიტომ სამეურნეო დავებს საერთო სასამართლოების სამოქალაქო საქმეთა კოლეგიები განიხილავს და დავები წლობით გრძელდება, რაც ბიზნესის აქტიურობაზე უარყოფითად მოქმედებს. 

დასკვნა

მრეწველობის სწრაფად განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია: საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, საგადასახადო ტვირთის შემცირება, სტაბილური სავალუტო კურსი და ლიბერალური საკრედიტო პოლიტიკა, სამეურნეო კანონმდებლობის და მისი ოპერატიული აღსრულების უზრუნველყოფა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Народное  Хозайство  Грузинской  ССР. 1987 г. Тбилиси, 1988;
  2. საქართველოს  სტატისტიკის  ეროვნული  სამსახური.   სტატისტიკური  წელიწდეული  2019.  თბილისი,  2020;
  3. საქართველოს საგადასახადო კოდექსი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. საიტი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717?publication=168;
  4. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები. საიტი: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306;
  5. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები. საიტი: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=728;
  6. საქართველოს საფონდო ბირჟის მონაცემები. საიტი: https://www.gse.ge/trades.


[1] Народное хозяйство Грузинской ССР в 1987 году. Статистический эжегодник. Ебилиси 1988. с.14.

[2] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული 2019. გვ. 114, 137.

[3] საქართველოს საგადასახადო კოდექსი. მუხლები: 81, 98, 169,

[4] საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები. საიტი: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306. გადამოწმებულია 25.09.2020.

[5] საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები. საიტი: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=728. გადამოწმებულია 25.09.2020.

[6] საქართველოს საფონდო ბირჟის მონაცემები. საიტი: https://www.gse.ge/trades. გადამოწმებულია 25.09.2020.